როგორი ტიპის მზის ელექტროსადგურის უნდა დავაყენო?
არსებობს რამდენიმე სახის მზის ელექტროსადგური. ესენია ძირითადად ქსელზე დაერთებული, ქსელისგან დამოუკიდებელი (კუნძულოვანი) და ჰიბრიდული. ყველა მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. შესაბამისად, სანამ მოგვმართავთ, შეგიძლიათ გაეცნოთ მათი მუშაობის პრინციპებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი.
ქსელზე დაერთებული მზის ელექტროსადგური – დღის განმავლობაში, მზის შუქის პირობებში, გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რაც გულისხმობს ქსელთან ერთად ერთობლივ რეჟიმში ელექტროენერგიის მიწოდებას. ქსელის გათიშვის შემთხვევაში მზის ელექტროსადგურიც ითიშება (ტექნიკური პირობების გამო)
ქსელისგან დამოუკიდებელი (კუნძულოვანი) მზის ელექტროსადგური – დღის განმავლობაში, მზის შუქის პირობებში, დადგმული მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და ამასთანავე ინახავს აკუმულატორებში. მზის ჩასვლის შემდგომ დამკვეთის ობიექტის მომარაგება ხორციელდება აკუმულატორების სისტემიდან. სადგურს არ აქვს კავშირი ცენტრალურ ქსელთან.
ჰიბრიდული სისტემა – დღის განმავლობაში, მზის შუქის პირობებში, დადგმული მზის ელექტროსადგური გვაწვდის გამომუშავებულ ელექტროენერგიას. მზის სადგურის ტიპია ქსელზე დაერთებული, აკუმულატორების სარეზერვო მარაგით, რაც გულისხმობს ქსელთან ერთად, ერთობლივ რეჟიმში ელექტროენერგიის მიწოდებას. ქსელის გათიშვის შემთხვევაში ობიექტს მოამარაგებს აკუმულატორებს სარეზერვო სისტემა.
თუ რომელი სადგური უნდა დააყენოთ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქცია გსურთ, რომ შეასრულოს სადგურმა, იყოს მხოლოდ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით (ქსელური სადგური), მოგამარაგოთ იქ, სადაც არ არსებობს ცენტრალური ქსელი, თუ ორივე ფუნქცია შეასრულოს?
რა არის ნეტო აღრიცხვა და როგორ ჩავერთო ნეტო აღრიცხვის პროგრამაში?
ნეტო აღრიცხვის პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ, გახდეთ აქტიური მომხმარებელი, ანუ ელექტროენერგიის მოხმარებასთან ერთად, თქვენ ქსელს მიაწოდოთ კიდეც ელექტროენერგია. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ქსელში ჩართოთ თქვენი მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური (100 კვტ-მდე სიმძლავრის). თქვენს მიერ ქსელისთვის მიწოდებული კვტ/სთ-ები გაიქვითება თქვენს მიერ ქსელიდან მიღებულ კვტ/სთ-ებში. თუ თქვენ უფრო მეტს მიაწვდით, დადებითი ბალანსი გექნებათ და წლის ბოლოს თანხასაც კი გადაგიხდიან
მაქვს 100 კვადრატული ბინა, რა სიმძლავრის სადგური უნდა დავაყენო?
ბინის კვადრატულობის მიხედვით ვერ გამოითვლით რა სიმძლავრის ელექტროსადგური უნდა დააყენოთ. ვინაიდან ელექტროენერგიის მოხმარება დამოკიდებულია მასში განთავსებულ სანათებზე, აპარატურაზე და ა.შ. იმისათვის, რომ გამოიანგარიშოთ თუ რა სიმძლავრის მზის ელ-სადგური გჭირდებათ, პირველ რიგში, თქვენ უნდა დაითვალოთ წლიური დანახარჯი. მაგალითისთვის, თუ თქვენ წლიურად ხარჯავთ 6500 კვტ/სთ-ს მაშინ თქვენ გჭირდებათ 5 კვტ სიმძლავრის სადგურის დაყენება. რატომ? იმიტომ რომ ერთი კვტ დადგმული სიმძლავრე საქართველოში გამოიმუშავებს წლიურად 1300 კვტ/სთ ელექტროენერგიას
სახლს ვაშენებ და მინდა რომ თავიდანვე გავითვალისწინო მზის ელექტროსადგურის დადგმის შესაძლებლობა.
ჩვენგან კომპლიმენტი თქვენ! თქვენ ხართ იმ მცირეთაგანი, რომელიც არ გაუშვებს მომავალში შანსს, რომ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და გაანულოს ელექტროენერგიის გადასახადი. სამწუხაროდ, ბევრ პოტენციურ კლიენტს არ აქვს შესაბამისი სახურავი მზის ელექტროსადგურისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი სურვილი აქვთ მზის ელექტროსადგურის შეძენის. ამიტომ ამისი თავიდანვე დაგეგმა ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია.
სასურველია, რომ მზის პანელები უყურებდეს სამხრეთს, ამ დროს ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ ისინი. შესაბამისად, ჩვენ გირჩევთ, სახურავის ფერდი განათავსოთ სამხრეთის მხარეს მინიმუმ 15 გრადუსი დახრით.
თუმცა, ყველას ვერ გამოსდის სამხრეთისკენ სახურავის დახრა და რა ხდება მაგალითად აღმოსავლეთ-დასავლეთის დახრის შემთხვევაში? ჩვენი გამოცდილებით, ამ დროს გამომუშავება 15 %-ით ნაკლებია (დაახლოებით 1100 კვტ/სთ ერთი კვტ-ზე), თუმცა, სადგურს არ აქვს მაღალი პიკური გენერაცია, როგორც სამხრეთისკენ დახრილს, არამედ უფრო მეტად სტაბილურად გადანაწილებული
მინდა დავაყენო ისეთი სისტემა, რომელიც ამუშავებს მაცივარს, სარეცხ მანქანას, ტელევიზორს და ა.შ. რა სიმძლავრის სისტემა უნდა დავაყენო?
საინტერესო კითხვაა :)) თუმცა, პასუხი მარტივია, ქსელზე დაერთებული სადგურისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სიმძლავრის მომხმარებელი იქნება მასზე დაერთებული. იმ შემთხვევაში, როდესაც სადგური ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოხმარებას, დანაკლისს თქვენ შეივსებთ ქსელიდან, შესაბამისად, თქვენი მომარაგება არ შეფერხდება.
რადიკალურად განსხვავებული და რთული მდგომარეობა გვაქვს ქსელისგან დამოუკიდებელი სადგურის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვითვლით ყველა მოწყობილობის სიმძლავრეს (კვტ/სთ), შემდგომ ვამრავლებთ იმ საათების რაოდენობაზე, რა დროის განმავლობაშიც ამ მოწყობილობებმა უნდა იმუშაონ 24 საათის განმავლობაში. ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა დავადგინოთ სავარაუდო მოხმარება და ამის მიხედვით შევარჩიოთ მზის პანელების სიმძლავრე და აკუმულატორების სარეზერვო მარაგის ოდენობა. ეს, როგორც წესი, მომხმარებლისთვის რთულია, ამიტომ კონსულტაციისათვის მოგვმართეთ ჩვენ.
შემიძლია თუ არა მზის ელექტროსადგური გათბობისთვის გამოვიყენო?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მზის ელექტროსადგური იძლევა ელექტროენერგიას, შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ეს ენერგია სითბოში გარდაქმნათ, თუმცა, რა თქმა უნდა თქვენ უნდა დააყენოთ ეკონომიური გათბობის სისტემა, რომელიც ეკონომიურად მოიხმარს გამომუშავებულ ელექტროენერგიას.
რა ცვეთა აქვს მზის სადგურის კომპონენტებს და რამდენი ხანი მუშაობენ?
მზის პანელები ყოველწლიურად არ უნდა განიცდიდნენ 0,65 %-ზე მეტ დეგრადაციას, ანუ გამომუშავების კლებას. ეს არის მწარმოებლის ოფიციალური საგარანტიო დათქმა. ჯამში პანელებმა 25 წლის განმავლობაში გამომუშავების თვალსაზრისით არ უნდა მოიკლოს 20 %-ზე მეტად. პანელების სიცოცხლისუნარიანობა იზომება 25 და მეტი წლით.
რაც შეეხება ინვერტორებს, მათი საშუალო სიცოცხლის ხანგძლივობა შეადგენს 10 წელს. ინვერტორებს გამომუშავებაში (გარდაქნის კოეფიციენტი) კლება თითქმის არ აქვთ.